კომპანიის ისტორია

1995
ქართული კომპანიის ისტორია 1995 წლიდან იწყება, როცა ქართველმა ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ უცხოელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნეს საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია.

1997
საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ 1997 წელს მოიპოვა ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ მოპოვებისა და წარმოების ლიცენზია. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ქართული მინერალური წყლის აღორძიენების ხანა. ბიზნესმენების მიერ მოზიდული ინვესტიციების წყალობით განახლდა „ბორჯომის“ მწარმოებელი N1 და N2 ქარხნები, დაიწყო ჭაბურღილების გამართვა და საბადოს მოვლა – პატრონობა. 1995 წლიდან კომპანიამ „ბორჯომის“ წარმოება განაახლა ტრადიციულ ტარაში.

1998
უკვე 1998 წელს ქარხნებში „ბორჯომის“ ჩამოსხმა დაიწყო იმ პერიოდისთვის საკმაოდ ტრენდულ PET (პლასტმასის) ბოთლებში.
როცა კომპანიამ მინერალური წყლის მოპოვებისა და ჩამოსხმის ლიცენზია მიიღო, ხელმძღვანელობას და მის რიგით თანამშრომლებსაც კარგად ჰქონდათ გააზრებული, რომ საქმე ეხებოდა არა მხოლოდ პროდუქტს, რომელსაც ბაზარი ითხოვს, არამედ ეროვნულ საგანძურს, რომელიც მსოფლიომ კარგა ხნის წის აღიარა საქართველოს იდენტობის სიმბოლოდ. აუცილებელი იყო არა მხოლოდ მინერალური წყლის ხარისხის, არამედ საბოლოო პროდუქტის ცნობადობის შენარჩუნებაც. „ბორჯომის“ ბოთლი და ეტიკეტი პერიოდულად იცვლება და მიის დიზაინი მუდმივად იხვეწება, მაგრამ ეს მუდამ ერთი ხაზია – მოცისფრო-მომწვანო ბოთლზე ირმის გამოსახულებიანი გრავიურა, ხოლო ეტიკეტზე წითელი და თეთრი ფერების დომინირება, ზედ გამოსახული კურორტი და მჩქეფარე „ბორჯომის“ წყარო. „ბორჯომის“ ბოთლს მუდამ ერთი შეხედვით ცნობდნენ და მისი სხვა პროდუქტში არევა ყოვლად წარმოუდგენელი გახლდათ.

1999
1999 წელს #2 ქარხანაში დაიწყო არაგაზირებული წყაროს წყლის „ბორჯომის წყაროები“ წარმოება.

2002
2002 წელს #2 ქარხანაში დაიწყო არაგაზირებული წყაროს წყლის „ბაკურიანი“ წარმოება 5-ლიტრიან, 2008 წლიდან კი 6-ლიტრიან PET (პლასტმასის) ბოცებში.
ყველა შენაძენი, რაც 2002 წლიდან დღემდე ამ სტრატეგიის ფარგლებში გაკეთდა, საფუძვლად ჩაეყარა ევრაზიის რეგიონში მინერალური წყლის მწარმოებელ ერთერთ უმსხვილეს კომპანიას IDS Borjomi International. სწორედ ამ წელს ფონდმა შეიძინა “საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია” და დაფუძნდა კომპანია IDS Borjomi Georgia, რომელიც მინერალური წყლის ბაზრის ლიდერია საქართველოში. IDS Borjomi International – ის მოღვაწეობის პერიოდში მოხდა „ბორჯომის“ საწარმოო ბაზის სრული რეკონსტრუქცია, შეიქმნა მინერალური წყლის ჩამოსასხმელი სტანდარტის ISO სერტიფიკატი მქონე ორი თანამედროვე ქარხანა. მოხდა „ბორჯომი“ – ის ბრენდის სრული კონსოლიდაცია ერთი მწარმოებლის ფარგლებში.

2003
2003 წელს ჯგუფმა შემოიერთა უკრაინული კომპანია დსს „ინდუსტრიული და სადისტრიბუციო სისტემები“, რომლის შემადგენლობაშიც იყო უმსხვილესი მწარმოებელი უკრაინაში – მირგოროდის მინერალური წყლების ქარხანა და მინერალური და სხა სასმელი წლების უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელი.

2004
2004 წელს ქარხნების მოდერნიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა #1 ჩამომსხმელი ქარხანა. კერძოდ, დამონტაჟდა ახალი ევროპული (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) ჩამომსხმელი ხაზები, ჩატარდა ქარხნების შენობებისა და საწყობების რეკონსტრუქცია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქარხნის წლიური წარმადობა გაიზარდა 200 მლნ. ბოთლამდე. კომპანიის მიერ გაწეულმა ინვესტიციამ 12 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.რემდენიმე წლით ადრე ბორჯომის ხეობის სოფელ ყვიბისში მდებარე #2 ჩამოსასხმელი ქარხნის მოდერნიზაციაში კომპანიამ 18 მლნ. აშშ დოლარი დააბანდა, რის შედეგადაც ამ ქარხნის წლიური წარმადობა 150 მლნ. პლასტიკურ ბოთლამდე გაიზარდა.

2006
IDS Borjomi Georgia – ს წამყვანი ბრენდია მსოფლიოში სახელგანთქმული მინერალური წყალი „ბორჯომი“, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს 40 – ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

2006 წელს არაგაზირებული წყაროს წყლის „ბაკურიანის“ პორტფელი გაფართოვდა და კომპანიამ მისი ჩამოსხმა 19-ლიტრიან ბალონებში დაიწყო. 2010 წლიდან ბაზარზე „ბაკურიანი“ გამოდის: 0.5; 0.75; 1.5; 3; 6; და 19 ლიტრიანი PET (პლასტმასის) შეფუთვით.

2007
2007 წლის მაისში ცნობილმა საერთაშორისო სასერტიფიკატო კომპანიამ „Bureau Veritas“ ჩაატარა ჩამომსხმელი ქარხნების აუდიტი, რის შედეგაც ქარხნებს კვების პროდუქტების უსაფრთხო და ხარისხიანი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 22000 მიენიჭა;
2007 წელს იწყება ახალი ბრენდის მინერალური წყლის „ლიკანი“ წარმოება.

2009
2009 წელს ვილნიუსში (ლიტვა) გაიხსნა IDS Borjomi International – ის შვილობილი სადისტიბუციო კომპანია –IDS Borjomi Europe, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში მუშაობს. IDS Borjomi Europe წარმოადგენს IDS Borjomi International– ის ინტერესებს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, აგრეთვე ახორციელებს „ბორჯომის“ იმპორტს ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ამავე წელს საქართველოს მთავრობის მიერ გამართულ აუქციონზე კომპანიამ მიიღო „ბორჯომის“ მოპოვებისა და წარმოების ექსკლუზიური ლიცნზია, 2034 წლამდე ვადით.

2010
2010 წელს „ბორჯომის“ ახალი, დახვეწილი დიზაინის მქონე მინის ბოთლი გამოდის ბაზარზე. 2010 წელი იმითაც ხასიათდება, რომ სწორედ მაშინ მოხდა „ბორჯომის“ სრული რებრენდინგი. ბრენდი, რომელიც საუკუნეებს ითვლის ახალი სახით წარსდგა მომხმარებლის წინაშე. კომპანიამ იმუშავა როგორც ბრენდის დიზაინზე, ასევე მის მარკეტინგულ კომუნიკაციაზე.

2013
2013 წლის აპრილში IDS Borjomi International–მა მიიღო რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა „ბორჯომისთვის“ და 2013 წლის მაისში, ხანგრძლივი შესვენების მერე, განაახლა ლეგენდარული მინერალური წყლის რუსეთის ბაზარზე მიწოდება.
IDS Borjomi International დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერია ბუტილირებული წყლის კატეგორიაში. რეგიონში პირველ პოზიციას იკავებდა საბაზრო წილის 12,2 % – ით.

2014
სრულად განახლდა „ბორჯომის“ ჩამომსხმელი N1 ქარხანა. აშენდა ახალი შენობა და დამონტაჟდა უახლესი, მაღალტექნოლოგიური ხაზები. ქარხნის საერთო ფართი 8 ატას ვადრატულ მეტრზე მეტი გახდა. ახალი ქარხნის სიმძლავრე გაიზარდა 450 მილიონ პირობით ბოთლამდე წელიწადში. 1997 წლიდან – 2014 ჩათვლით კომპანია 70 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს ქარხნებისა და წყლის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებში.

2015
2015 წელს 125 წლის იუბილე აღნიშნა საერთაშორისო მნიშვნელობის ბრენდმა – ლეგენდარულმა ქართულმა მინერალურმა წყალმა „ბორჯომი“, რომელიც ნატურალური მინერალური წყლის ხარისხის ეტალონია. თავისი უნიკალური თვისებების, შეუცვლელი შემადგენლობისა და ვულკანური წარმომავლობის გამო „ბორჯომს“ იცნობენ და აფასებენ მსოფლიოს 40 – ზე მეტ ქვეყანაში.

2017
2017 წელს კომპანიამ გაყიდვაში ჩაუშვა არასტანდარტული პროდუქტი: „ბორჯომი“ 0,33 ლ. მოცულობის ალუმინის თანამედროვე ქილაში. ახალი პროდუქტი გათვლილია აქტიურ, ექსპერიმენტებისა და საიხლეების მოყვარულ ადამიანებზე. „ბორჯომის“ ახალი შეფუთვა სრულად პასუხობს უფრო აქტიური, ახალგაზრდა მომხმარებლის მოთხოვნებს.
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებულ არაგაზირებული წყლის ბრენდს „ბაკურიანი“ ახალი შეფუთვა დაემატა – „ბაკურიანი ციდა“. ახალი ბრენდი სპეციალურად ბავშვებისთვის შეიქმენა. კომპანიის მიზანია, ისეთი ჯანსაღი პროდუქტი, როგორიც წყალია, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელ სასმელად აქციოს. ბრენდის საკომუნიკაციო გზავნილი მშობლებზეა მიმართული: „ბაკურიანი ციდა“ – თქვენი სიმშვიდის და მათი ჯანმრთელობისთვის.
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებულ ნატურალური მინერალური წყლის ბრენდს „ლიკანი“ ახალი 1,5 ლიტრიანი შეფუთვა დაემატა. სიახლე, სავაჭრო ქსელში უკვე გამოჩნდა. ახალი შეფუთვის მთავარი ხიბლი მის ეკონომიურობაში მდგომარეობს. „ლიკანის“ 1.5 ლიტრი მოცულობის მქონე შეფუთვა მომხმარებელს აძლევს საშუალებას უფრო ნაკლებ თანხად, ანუ 1 ლარად და 20 თეთრად შეიძინოს უფრო მეტი მინერალური წყალი. ეს მოცულობა ძირითადად სახლში მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.

2018
კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ კომპანია „უოლტ დისნეი დსთ“-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა, რომლის მიხედვით კომპანიას „დისნეის“ პორტფოლიოში არსებულ გმირებზე გამოყენების ლიცენზია ენიჭება. „საყვარელი გმირები სულ შენთან ერთად“ – პირველად საქართველოში წყალი „ბაკურიანი“ სათამაშო ბოთლების წარმოებას იწყებს, რომლის ეტიკეტის შეფუთვაც „უოლტ დისნეის“ გმირებით იქნება გაფორმებული.
2018 წელს კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მიერ წარმოებული ნატურალური მინერალური წყლის ბრენდი „ლიკანი“, რომელიც წლების მანძილზე ბაზრის უპირობო ლიდერია, ახალი და განსხვავებული შეფუთვით გამოჩნდა მომხმარებლის წინაშე.