ქვეყანა

წარმოშობა

„ბორჯომის“ მინერალური წყალი ბორჯომის ნაკრძალში მდებარე ჭაბურღილებიდან მოიპოვება, რომელთა სიღრმე 200-დან 1500 მეტრამდე მერყეობს.

„ბორჯომის“ საბადოს კვლევა 1927 წლიდან დაიწყო. 1927-დან 1982 წლამდე პერიოდში გაიბურღა სხვადასხვა (18,4-დან 1502 მეტრამდე) სიღრმის 57 ჭაბურღილი. კვლევითი სამუშაოების ჩატარებამდე, საბადოს ცენტრალურ მონაკვეთზე, ორი მინერალური წყარო არსებობდა: ევგენისა და ეკატერინეს წყაროები. ეს წყაროები „ბორჯომის“ ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი პირველად აღმოჩენილი. წყაროებს სახელი პოლკოვნიკ ევგენი გოლოვინისა და მისი, წყლით განკურნებული ქალიშვილის, ეკატერინეს პატივსაცემად ეწოდათ. 1957-1978 წლებში, ბურღვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბორჯომის საბადოს საზღვრები და საგრძნობლად გაიზარდა წყლის მარაგი.

დღეს, ბორჯომის ველზე სამი საექსპლუატაციო მონაკვეთია: ცენტრალური (ქალაქ ბორჯომის ფარგლებში), ლიკანის (სოფელ ლიკანის ტერიტორიაზე) და ვაშლოვან-ყვიბისის (სოფლების: ვაშლოვანისა და ყვიბისის ტერიტორიებზე). ამ მონაკვეთზე განლაგებულია საექსპლუატაციო ჭაბურღილებიც. 2000 წლიდან სისტემატურად ტარდება საწარმოო ჭაბურღილების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა კომპლექსი, რომლის მიზანია ხარისხის მაღალი, საერთაშორისო სტანდარტების შენარჩუნება.

საბადოდან ჭაბურღილების მეშვეობით მიღებული მინერალური წყალი პირდაპირ ჩამომსხმელ ქარხანაში ხვდება, სადაც ცივდება, ჯერდება ბუნებრივი ნახშირორჟანგა გაზით და ისხმება ბოთლებში, რის შემდეგაც ხდება ბოთლების მოხუფვა და ეტიკეტირება. 2017 წელს „ბორჯომი“ ახალი, ალუმინის ქილების 0.33 ლიტრიანი შეფუთვით გამოვიდა ბაზარზე.

ბოლო წლებში „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნის სრული რეაბილიტაცია – რენოვაცია განხორციელდა. ახალი ქარხანა თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა. მუდმივად განვითარებადი და განახლებადი საწარმოო ტექნოლოგია, ინოვაციურობა და ახალი ტრენდების დანერგვა ბაზარზე აქცევს მინერალური წყლის „ბორჯომის“ მწარმოებელ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინდუსტრიის ლიდერად.